2024 წლის 2 აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, კლინიკის ხელმძღვანელობა და “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი.
შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:
“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ ქუთაისში, საღორიის ცნობილ საავადამყოფოში, რომელსაც ახლა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი” ჰქვია.
ამ საავადმყოფოსთან არაერთი რამ მაკავშირებს. პირველ რიგში, როცა ახალგაზრდა ქირურგი ვიყავი, ვოცნებობდი, აქ მემუშავა ქირურგად, თუმცა ჩემი კარიერული გზა შეიცვალა…
მახსოვს, როცა ჩამოსული ვიყავი ქუთაისში რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ნათლიამ, მეუფე კალისტრატემ მითხრა – გიორგი, შენ უნდა ჩაიბარო და მიხედო საღორიის საავადმყოფოსო.
ვუთხარი, ჟენევაში ვცხოვრობ და აქ როგორ მივხედავ-მეთქი, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი, როგორც შემეძლო, დავხმარებოდი ამ საავადმყოფოს.
მეუფე უკვე აღარ არის ჩვენთან, მაგრამ მისი თხოვნა და სურვილი, პრაქტიკულად, შევასრულე, რადგან ირიბად თუ პირდაპირ უკვე ჩართული ვარ ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ხარისხის გაუმჯობესებაში, როგორც “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი და არამარტო ოფიციალურო წარმომადგენელი ამ საერთაშოეისო უძლიერესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, არამედ ქუთაისელი გიორგი ფხაკაძე ჩემი ნათლიის დავალებას ვასრულებ და ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა.”
“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.
მასალის გამოყენების პირობები